ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომლითაც ის გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს.
აქუბარდიას თქმით, არავის სჯერა არც ირაკლი კობახიძის და არც მისი პირობის, რადგან მან უკვე უამრავი პირობა გადათქვა
„ბიძინა ივანიშვილის პრემიერების ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ალბათ ბოლო პრემიერად წოდებული კაცია, რომელიც თავს უფლებას აძლევს, ამერიკასა და ევროკავშირს რევოლუციების მოწყობა დააბრალოს ისე, რომ არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, მისი პროკურატურით არ აქვს; თავს უფლებას აძლევს, შეურაცხყოფა მიაყენოს საკუთარ ხალხს და ილიას უკან ამოეფაროს, საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობას ბერბიჭაშვილი, ილიას მკვლელი უწოდოს. ეს არის ცინიზმი, ფსკერი, რომელიც საბოლოოდ ივანიშვილმა დაიმსახურა და მიიღო. რაც არ უნდა სხვადასხვა შეფასება მოვისმინოთ, ერთი მხრივ, ეს ჩემთვის მაჩვენებელია, რომ ზიზღის კამპანიაში, დაშინებისა და შავი სიების ამოქმედების კამპანიაში უკვე თავად ირაკლი კობახიძე ჩაერთო. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სასაცილო, მძიმე ტრაგიკომედიურ მდგომარეობას, რომელშიც „ქართული ოცნება“ არის, მათ შორის იმის მტკიცებით, თითქოს მათ ყველაზე მაღალი IQ აქვთ და ამ ქვეყნის მთავარი ინტელექტუალები არიან. მეგობრებო, ფსკერზე ფსკერია თქვენი წერილები, მოქმედებები. თქვენს ამ ქვეყანაში პარპაშს აუცილებლად დაასრულებთ, რადგან საქართველო არასდროს გახდება რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყანა, აუცილებლად იბრძოლებს, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ.
ირაკლი კობახიძე, რომელიც თითქოს თავისი ნაცნობის მაგალითს უყვება აუდიტორიას და მისი ნამდვილი ასაკიც არ იცის, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არის ყალბი, დეზინფორმატორი. ამ ნაცნობზე როცა საუბრობს, ფაქტობრივად, აქვეყნებს მის პოლიტიკურ და სამოქალაქო მოქმედებების დოსიეს. ეს არის „შავი სიის“ შინაარსის გაგრძელება, რაც შალვა პაპუაშვილმა დააანონსა. არავის სჯერა არც ირაკლი კობახიძის წერილის, არც მისი პირობის, რადგან უამრავი პირობა გადათქვა, უამრავი სიტყვა შეცვალა. დღეს, როდესაც ის უპირისპირდება ქართველ ხალხს და ცივილიზაციურ არჩევანს, ვიყოთ ევროპის ნაწილი, დემოკრატიული, აუცილებლად დამარცხდება თავის ივანიშვილთან ერთად, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნება ამ მიზნით განახორციელა. ეს იყო მისი სიტყვები და არა – ჩემი“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.