გმირთა მოედანზე ომის ვეტერანების მხარამჭერებს პოლიცია შეკრებას უკრძალავს და სთხოვს, ვარაზისხევის მიმართულებით იმოძრაონ.
მოედანზე უკვე მობილიზებულია წესრიგისდამცველები. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან კორდონი გააკეთეს და აქციის მონაწილეებს მემორიალთან შეკრება აუკრძალეს.
ამ წუთებში პოლიცია აქციის მონაწილეებს აიძულებს, რომ იმოძრაონ ვარაზისხევის მიმართულებით, რასაც შეკრებილები აპროტესტებენ. ისინი სამართალდამცავებს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში სდებენ ბრალს.
როგორც ომის ვეტერანთა მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანი იყო მემორიალთან შეკრება და შემდეგ ტელევიზიის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობის მოწყობა, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისთვის საეთერო დროის გამოყოფა მოეთხოვათ.
ამ წუთებში ომის ვეტერანების მხარდასაჭერ აქციაზე, გარდა საინიციატივო ჯგუფისა, კონსერვატორების ერთ-ერთი წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილიც იმყოფება.