საქართველოში არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდება ერთპარტიულად და ვეღარც „ქართული ოცნება“ ვერ გააგრძელებს ამ ქვეყნის მართვას ერთპარტიულად, ამის გარანტიას მე გაძლევთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსზე კომენტარისას აღნიშნა.
სააკაშვილი წერს, რომ არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა, გარდამავალმა, ტექნიკურმა მთავრობამ.
თეონა აქუბარდიას თქმით, „ტექნიკური მთავრობა იქნებოდა ყველაზე საუკეთესო სცენარი იქამდე, ვიდრე არჩევნები იქნება, მაგრამ დღეს ეს ფუფუნება არ დგას“.
„ქართული ოცნება“ მიდის პირდაპირ ძალადობაზე საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, ის გადის კონსტიტუციიდან. შესაბამისად, მთავარი თარიღი უნდა იყოს 26 ოქტომბერი, არჩევნების დღე. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად მოისმინა ივანიშვილის გზავნილი, რომ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი. მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების მეშვეობით ჩვენ უნდა ვუთხრათ უარი რუსულ მთავრობას. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს არჩევნები იმგვარი, როგორიც სჭირდება ქვეყნის დემოკრატიას, შემდგომ შესაძლებელია სხვა ტიპის პასუხები.
მაიდანი თავად ივანიშვილმა ახსენა. პირველი იყო ივანიშვილი, ვინც აცხადებდა, რომ ის იანუკოვიჩი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის აღიარებს იმას, რომ საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს და ამბობს, რომ ის ისე არ წავა, როგორ იანუკოვიჩი. თუ ვინმე ამ ქვეყანაში საქართველოს კურსის გადახედვას ღიად აანონსებს, ეს ბიძინა ივანიშვილია. მაიდანთან შედარება აბსოლუტურად არარელევანტურია. მიხეილ სააკაშვილმა დააინიცირა რუსული კანონი თუ ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მისი იდეა იყო. პარტიაში საპატიო თავმჯდომარედ მობრუნდა, რომ წამოეღო. ამ ქვეყანაში ივანიშვილმა დემოკრატია დაასრულა და ღიად გამოაცხადა, რომ ავტორიტარია. მაგრამ ამის მიუხედავად, ოქტომბერი არის თარიღი, როდესაც „ქართული ოცნება“ ძალაუფლებიდან არჩევნების გზით უნდა გავიტანოთ, რაც არ უნდა ძალმომრეობას ჰქონდეს ადგილი.
სააკაშვილის დამცველი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს, ეს ფაქტია. „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა. „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი მთელ იმ პროცესებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს და რაც არ უნდა წარმოაჩინონ ახლა მიხეილ სააკაშვილი ბუად და დაერიონ კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ადამიანს იმ მოტივით, რომ ისინი არიან ნაცები, ეს „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის. ამით ისინი ფაქტობრივად აძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც, როგორც ჩანს, ასევე ივანიშვილის არასწორი ტაქტიკაა. იმიტომ, რომ საქართველოში არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდება ერთპარტიულად და ვეღარც „ქართული ოცნება“ ვერ გააგრძელებს ამ ქვეყნის მართვას ერთპარტიულად, ამის გარანტიას მე გაძლევთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.