"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ვეტერანთა აქციის დაშლას "სააკაშვილის ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბებული ხელისუფლების მიერ დიქტატურისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებად" აფასებს.
"მთელს მსოფლიოში განსაკუთრებული პატივისცემითა და დაფასებით სარგებლობენ ჯარისკაცები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მთლიანობასა და ღირსებას იცავენ. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ კი, საკუთარი ჯარისკაცების ღირსება ფეხქვეშ კიდევ ერთხელ გათელა. შეურაცხყო დაღუპული გმირების ხსოვნა და მათ ფოტოებს ადგილი ნაგავსაყრელზე მიუჩინა, ომის ვეტერანებს შეუქმნა იმდენად მძიმე მორალური და სოციალური მდგომარეობა, რომ ისინი იძულებული გახადა საკუთარი ღირსების დასაცავად პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, შიმშილობისთვის მიემართათ", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
ამასთან, "დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, მთავარსარდალი სააკაშვილი მხდალი და დისკრედიტირებულია, რაც ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე უკეთ იციან.
"სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობა ომში მიატოვა და უკან მოუხედავად, მიწაზე ფორთხვით გაიქცა. სწორედ ამიტომ სააკაშვილს არ სჭირდება ძლიერი, ღირსეული არმია და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს და ანგრევს ქართულ ჯარს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, უმწვავესი რეაგირება მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების ამ სამარცხვინო ქმედებაზე, რადგან დაუშვებელია მსგავსი ფაქტი მათი მხრიდან ადეკვატური რეაგირების გარეშე დარჩეს", - აღნიშნულია განცხადებაში.