"თავისუფალი დემოკრატები" გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანების დარბევას "უღირსობად" აფასებს და პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული არმიისა და თითოეული ჯარისკაცის ღირსების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
"მოშიმშილეთა სოციალურ მოთხოვნებს, რომელიც სრულიად სამართლიანი იყო, ხელისუფლებამ სადამსჯელო ბრიგადის ძალადობით უპასუხა. სამწუხაროა, რომ ქყვეყნის მთავრსარდალი უღირსად იქცევა, როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ. სააკაშვილმა ძალა გამოიყენა იმ მეომრების წინააღმდეგ, რომლებმაც მისგან განსხვავებით საკუთარი სიცოცხლის რისკით ფასად იბრძოლეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამით მან კიდევ ერთხელ შეურაცხყო ქართული არმიისა და თითოეული ჯარისკაცის ღირსება", - ნათქვამია ირაკლი ალასანიას პარტიის განცხადებაში.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, ეს ქმედება ასევე მიმართულია საქართველოს მოქალაქეების დასაშინებლად.
"როგორც ჩანს ხელისუფალს ეშინია ქვეყანაში სოციალური პროტესტის და უკანონო, გადაჭარბებული ძალის გამოყენებით ცდილობს მის აღკვეთას", - აღნიშნულია განცხადებაში.
"თავისუფალი დემოკრატები" მოითხოვენ, "დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულთა გათავისუფლება, დაიწყოს ამ საქმის დეტალური გამოძიება, გაირკვეს თუ ვინ გასცა დარბევის ბრძანება და რას წარმოადგენენ ის გაურკვეველი წარმომავლობის სადამსჯელო ბრიგადები, რომლებიც მთელი სამართალდამცავი სისტემის დისკრედიტაციას ახდენენ".
გარდა ამისა, ალასანიას გუნდი ასევე მოითხოვს სასწრაფოდ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სახელმწიფო სტრუქტურების, ვეტერანთა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით
"ვეტერანთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის" შექმნის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 იანვარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ომის ვეტერანების დარბევა მოხდა.