"ქართული პარტიის" გენერალური მდივნის კოკა გუნცაძის განცხადებით, ვეტერანების აქციის დაშლით ხელისუფლებამ მისთვის დამახასიათებელი მორიგი სისასტიკე ჩაიდინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების მიერ ჩადენილ ამ ქმედებებს არაფერი აქვს საერთო კანონთან, საზოგადოებრივ წესრიგთან და სახელმწიფოებრიობასთან. ეს არის ერთი კაცის კაპრიზებზე აგებული კლასიკური სახის კორპორატიული დანაშაული", - განაცხადა გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულის კონტექსტში, "ქართული პარტიის" ლიდერი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ასეთი "პრიმიტიული და ზღვარგადასული ძალადობა ანგარიშსწორების საშიშ და უმართავ პროცესს წარმოშობს, რაც ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს და მომხდარზე პასუხისმგებლობა მმართველ ძალას დაეკისრება".
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 იანვარს, პოლიციამ გმირთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები ძალის გამოყენებით დაშალა. 7 მათგანი დააპატიმრა, რამდენიმე ადამიანს კი ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებულ მოქალაქეებს შორის რამდენიმე "ქართული პარტიის" წარმომადგენელიც იყო, მათ შორის ისნის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა მათიაშვილი.