ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ეს განსხვავებული რამ არის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა მილერს ჰკითხა, რატომ შეუძლია აშშ-ს, ჰქონდეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ (FARA) და რატომ არ შეუძლია, ეს კანონი ჰქონდეს საქართველოს, მილერის განცახდებით, განსხვავება კანონების შინაარსშია.
„განსხვავება არის ამ კანონების შინაარსში. როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს ნახულობთ, თქვენ ნახავთ, რომ ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს, ან მათ, ვინც ჰუმანიტარულ სამუშაოსა და სამოქალაქო საქმიანობას ასრულებს. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. მსგავსი ცრუ შედარებები წარსულში მინახავს და როდესაც შეხედავთ საქართველოში წარდგენილ ტექსტს და ტექსტს, რომელიც მიიღეს კრემლის გავლენით და სხვა ქვეყნებს, ისინი მკვეთრად განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს“, – აღნიშნა მილერმა. (პირველი არხი)