ჩინეთის ლიდერი მეუღლესთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით ეწვია საფრანგეთს.
ჩინეთის დელეგაციას პარიზის აეროპორტში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი დახვდა. მედიის ინფორმაციით, 6 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინა იქნება.
სი ძინპინის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 60 წლის იუბილეს ემთხვევა. ეს მისი მესამე სახელმწიფო ვიზიტია საფრანგეთში, რომელსაც იგი 2014 და 2019 წლებში ეწვია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 50 და 55 წლისთავის აღსანიშნავად.
6 მაისს ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნდა სი ძინპინის სტატია, სადაც ის უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით საუბრობს.
"რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება უკრაინასთან დაკავშირებული კრიზისი, მით უფრო დიდი ზიანი მიადგება ევროპასა და მსოფლიოს. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ევროპის კონტინენტი მალე დაუბრუნდება მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის საფრანგეთთან, რათა ერთად იპოვონ გონივრული გზა კრიზისის გადასაჭრელად", - ნათქვამია სტატიაში.
ტექსტში აღნიშნულია, რომ „ჩინეთი არც უკრაინის კრიზისის წყაროა, არც მისი მხარე ან მონაწილე, თუმცა, პეკინმა კონსტრუქციული როლი ითამაშა ამ კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიებაში“.
სტატიაში სი ძინპინი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მოუწოდა მხარეებს, გაეროს წესდების მიზნებისა და საფუძვლების პატივისცემისკენ, „რაც ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და ყველა მხარის უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს“. ამასთან, მან მიუთითა ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობაზე.
ამავდროულად, AFP წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის მთავარი პრიორიტეტი სი ძინპინის პარიზში ვიზიტის დროს იქნება ამ უკანასკნელის გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რამდენად საშიშია რუსეთის მხარდაჭერა (უკრაინის წინააღმდეგ ომში).
თავის მხრივ, უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის, Human Rights Watch (HRW) მოუწოდებენ მაკრონს, ძინპინთან მოლაპარაკებებისას დააყენოს ჩინეთში უიღურების ჩაგვრისა და ჟურნალისტების დაპატიმრების საკითხი.
თავად მაკრონმა 4 მაისს The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის ინტერესებშია „აიძულოს ჩინეთი, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო წესრიგის სტაბილურობის უზრუნველყოფაში“.
ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელიც 10 მაისამდე გაგრძელდება, სი ძინპინი სერბეთსა და უნგრეთსაც ეწვევა.