ნებისმიერი ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადება, ისეთივე შეუსაბამოა, როგორც გუშინ ვაშაძის განცხადება იყო, რომელიც ტელეკამერებთან ამბობდა,მშვიდობიანი აქცია მიდისო და მის უკან პარლამენტის ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა, სადაც იყვნენ ქვებით შეიარაღებულები, კარს აჯანჯღარებდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ, კამერების წინ ვაშაძე ამბობდა, რომ მშვიდობიანი აქცია მიდიოდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როგორც ესაა რეალობა, ასეთივე რეალობაა ის განცხადება, რომელიც გავრცელდა მილერის მიერ. რაც გუშინ იყო, ესაა ევროპული ღირებულება?! თუ მათი გადმოსახედიდან ეს ევროპული ღირებულებაა, რა თქმა უნდა, ამას ვებრძვით და თვითონ ევროპაც ებრძვის. ჩახედოს ბატონმა მილერმა, გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ, რომლებიც შესაძლოა, იქ ძალადობდნენ, მაგრამ შემდეგ თეთრ სახლში ეს გაამართლეს, რადგან თურმე შტატებში საჭირო ყოფილა და საქართველოში ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა თურმე ევროპული ღირებულებაა. ამას უკვე აღარავინ დაიჯერებს და ტყუილად ნუ შეწუხდებიან. თეთრს შავად ვერავის ვეღარ მოაჩვენებენ და, მით უმეტეს, საქართველოს საზოგადოებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, ნათქვამია,: "აშშ-ის მთავრობა გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ, რომელმაც საქართველოს პარლამენტში დღეს წინ წაიწია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის დასაცავად ყალბი ნარატივი გამოიყენეს.