ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი და არც რუსეთის უკანა ეზო, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილმა თქვა, რომ გუშინდელი "რუსული მარში" სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის არის.
„ღმერთო ჩემო, რა ცინიზმია, აქ საუბრობდეთ ჯარზე, ანწუხელიძის მემკვიდრეობაზე. რა ცინიზმია საუბრობდეთ მიღწეულ შედეგებზე. ვისი დახმარებით, ვის ხელშეწყობით მოხდა ეს ყველაფერო? თითქოს არ იცით და მალავდეთ ამ ინფორმაციას. თუ ვინმეს კიდევ რაიმე ეჭვი ჰქონდა, ძალიან ნათლად გაცხადდა ეს რუსი ოლიგარქის გამოსვლის დროს, როდესაც ჩამოიხსნა ყველა ნიღაბი და ძალიან ღიად ისაუბრა, რას უპირებს ამ ქვეყანას. მაგრამ არა, ივანიშვილო, ეს ქვეყანა არ გახდება შენი ბოსტანი და არც რუსეთის უკანა ეზო, არც შენი კრიმინალური ფულის სამრეცხაო არ გახდება. ეს ქვეყანა არის სუვერენული, თავისუფალი, ღირსეული და ამაყი ადამიანების ქვეყანა და ზუსტად ასე ამაყად გააგრძელებს თავისი თავისუფლების დაცვას, მათ შორის, იმ ხელისუფლებისგან, რომელიც ოკუპანტის ინტერესებს ემსახურება და არ ქართველი ხალხის. გუშინდელი გამოსვლა სხვა არაფერი იყო, თუ არა იმ უზარმაზარი უფსკრულის დემონსტრირება, რომელიც ივანიშვილს და ქართველ ხალხს შორის არის. დიახ, ქართველი ხალხი გამოგიტანთ განაჩენს და გაგიშვებთ ისტორიის სამსჯავროზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.