მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ სათანადო მხარდაჭერა ამ რუსული კანონის. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ყველაფრის, ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას, - ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.
მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობთ სიყალბით შეცვალოთ რეალობა
„მიუხედავად იმისა, რომ კვირების მანძილზე ემზადებოდით მილიარდერის ბიუჯეტით, მაინც ვერ მოიპოვეთ სათანადო მხარდაჭერა ამ რუსული კანონის და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა თქვენი აქციის დაწყებიდან სულ რამდენიმე წუთში. ყალბი ტაში დინამიკებიდან იყო ამ ყველაფრის, ამ ფარსის ყველაზე თვალსაჩინო რაც დარჩა და შემორჩება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური აქციების ისტორიას. ეს არის სიყალბე, რომელიც გახასიათებთ თქვენ, „ქართულ ოცნებას“ და თქვენ ცდილობთ სიყალბით შეცვალოთ რეალობა, რაც ნამდვილად არ გამოგივათ. რამდენიმე ჩვენმა კოლეგამ დარბაზში გააჟღერა, რომ იმ ახალგაზრდებს, გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც გულწრფელად გამოდიან თავისი ქვეყნის სიყვარულით და აპროტესტებენ რუსულ კანონს, თითქოს ვინმემ რამე ჩაუსწორა, თითქოს ვინმემ რაიმე სიტყვა ჩაუსწორა მათ გამონათქვამებში, ძალიან ცუდად იცნობთ ამ ახალგაზრდებს, ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ მათზე, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მათ ვინმე რამეს უსწორებს და თუ თქვენ გგონიათ, რომ მათ გარდა საკუთარი ოჯახისა და თავისი ქვეყნის სიყვარულისა სხვა რამე ამოძრავებთ. დიახ, მათ გააკეთეს საკუთარი არჩევანი, ყოველდღიურად ხედავთ მათ თავდადებას და ის, რომ მათ თქვენ არ იმჩნევთ, არ ნიშნავს არაფერს. ძალიან მალე პატრიოტი ახალგაზრდები უკან წაგაღებინებენ რუსულ კანონს. დიახ, მამული, ენა და სარწმუნოება, ეს თქვა ილია ჭავჭავაძემ და ჩვენი მამულის ოცი პროცენტი დიახაც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დიახ, ჩვენს ენას ემუქრებოდა რუსეთი და თქვენ კარგად გახსოვთ და თუ არ გახსოვთ გაიხსენეთ 1978 წელი თუ ვინ ემუქრებოდა საქართველოს ენის წართმევით. დიახ, ჩვენს სარწმუნოებას არ ჰყოლია იმაზე დიდი მტერი, ვიდრე არის რუსეთი და უამრავი ეკლესია-მონასტერი, რომელიც არის გადაღებილი, კარებდაჭედილი არის რუსეთის დამსახურება და დიახ, სწორედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ისტორიული ეკლესია-მონასტრები აღდგენილი იყოს მათ მიერ გამოყრილი თანხებით და თქვენი სამსახურები ამ საქმეშიც არ უქნია ღმერთს და კარგად იცით რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ გელათიც. ეს არის რეალობა, რომელთანაც თვალის გასწორება არ გინდათ. ჩვენს მამულსაც, ენასაც და სარწმუნოებასაც ებრძვის რუსეთი და თქვენ აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მიაბრუნოთ რუსეთისკენ. ეს არ გამოგივათ და ამაში უნდა დარწმუნებულიყავით გუშინაც, როდესაც თქვენს მიერ ჩამოყვანილმა ადამიანებმაც კი გაქციეს ზურგი. მე არ ვარ მომხრე, რომ რაიმე სახის ცინიკური ეპითეტებით შევამკოთ ადამიანები ან დავყოთ ისინი, განსხვავებით თქვენგან. ყველა ადამიანის აზრი არის პატივსაცემი, მოსასმენი და პირველ რიგში ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება. სამწუხაროდ, ნაცვლად ამისა ხელისუფლებიდან ვხედავთ დაყოფას, ზიზღს, დაპირისპირების მცდელობას და ეს ნამდვილად არ გავა. ეს ნახა ამ ქვეყანამ, ეს გაიარა ამ ქვეყანამ და სწორედ ის ახალგაზრდები და ის პატრიოტები, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ჩვენს ქალაქებში -თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში ნამდვილად შეძლებენ იმას, რომ არ მოგცენ თქვენ საშუალება ჩვენი ქვეყანა შეაბრუნოთ რუსეთისკენ, დიახ, ეს კანონი, რომლის მიღებასაც დღეს მეორე მოსმენით აპირებთ, არის რუსული დაწყებიდან დასრულებამდე, ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქ, ისევე როგორ უამრავი ჩვენი თანამოქალაქე საქართველოს ქუჩებში, შეწყვიტეთ ამ კანონპროექტის განხილვა, დაასრულეთ საქართველოს შეტრიალება რუსეთისკენ. ჩვენი ხალხის არჩევანს ეცით პატივი და ჩვენი ხალხის არჩევანი არის უკეთესი, ძლიერი საქართველო ერთიან დიდ ევროპულ ოჯახში.“- განაცხადა დავით კირკიტაძემ