პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ Politico-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპის პოზიცია "არც ისე შავ-თეთრია, როგორც ხალხი მიიჩნევს".
ინტერვიუში სიკორსკიმ განაცხადა, რომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ დონალდ ტრამპი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში პოტენციური გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინას მხარდაჭერის გარეშე დატოვებს და კრემლის მხარეს დაიკავებს
„დონალდ ტრამპი მართალი იყო, როცა მოუწოდა ევროპას მეტი დაეხარჯა თავდაცვაზე“, - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს პირველმა გაუგზავნა უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, მაშინ, როდესაც ამას სხვები არ აკეთებდნენ.
სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი დათანხმდა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის პროექტის ფორმატს, რომელიც შემდეგ საბოლოოდ დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ და ტრამპს არ გამოუთქვამს პროტესტი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით. სიკორსკის აზრით, ეს აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ იცვლება.
„მე არ მომისმენია რამე პროტესტი. ასე რომ, ვიმედოვნებ, პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპმა დაინახა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე წინააღმდეგობა არ არის პოპულარული აშშ-ში, რომ ეს აზარალებს მის შანსებს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
სიკორსკიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების მაწოდებასთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერს უბიძგებს უკრაინას Taurus-ის რაკეტები გაუგზავნოს.