ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. უფრო მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ეს არის, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, გავწიოთ ჩემი პოლიტიკური თანამდებობა, პარტიული თანამდებობა, ეს არის შეურაცხმყოფელი. ესე იგი რას გვეუბნება ევროპარლამენტის 500-450 დეპუტატი გვეუბნება, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა, ეს საშინელი, მჩაგვრელი, ავტოკრატიული, დიქტატურისკენ მიმავალი რეჟიმი მოაცილა ქვეყანას, ქვეყანა გადაარჩინა, რეალური დემოკრატიის დამკვიდრება დაიწყო და დაამყარა, თავისუფლება, მოუტანა ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა და სტატუსი, ამ კაცზე ამბობენ და აღარ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, მის სხვა დამსახურებებს, რომელიც მას გაწეული აქვს ქვეყნის წინაშე, ამ კაცზე ამბობენ, რომ უნდა დასანქცირდეს. და ვინც იყო მთავარი დამანგრეველი, ვინც მოუტანა ომი, ნგრევა, უბედურება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, ბიზნესრეკეტი, მედიის თავისუფლების, სააკაშვილს ვგულისხმობ, ეს კაცი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში. რატომ? რომ დაიწყოს მან ომი, უბედურება გაიმეოროს...ჩვენთვის ამას ნიშნავს ეს რეზოლუცია. ამიტომ, ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. უფრო მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული. მინიშნება, რომ შეიძლება უვიზო რეჟიმი გადაიხედოს და რაღაც. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?," - განაცხადა ღარიბაშვილმა.