„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის წერილს სამწუხარო უწოდა.
„რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ალბათ ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე გამოითქვა კრიტიკა და გაკეთდა შეფასებები, თითქოს საქართველო აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რაც საფუძველს მოკლებული განცხადებაა.
„რა თქმა უნდა, ეს რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებული, ძალიან საფუძველს მოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი გარანტირებულია კონსტიტუციის დონეზე. ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, ეს არის გამორიცხული.
იმასაც დავამატებ, რომ ბუნებრივია, შესაძლებელია, ჩვენ გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები და შეფასებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა. ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც და ბუნდოვანებაც მოიხსნება და გავალთ წინ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, წერილში აღნიშნულია, რომ „კანონპროექტი თუ იქნება მიღებული, იძულებული ვიქნებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება საქართველოს მიმართ“.