"ქართული პარტიის" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე "უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე წაყენებული ბრალდებების შემთხვევაში მედიისთვის მკაცრი ცენზის დაწესების" ინიციატივით გამოდის.
"ქართულ თავისუფალ მედიაში მკაცრი ცენზი უნდა დაწესდეს უარგუმენტო და მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებზე. ეთიკური ჩარჩოები უნდა დაწესდეს პოლიტიკაშიც. მაყურებელმა, მკითხველმა, მსმენელმა, ამომრჩეველმა, მომიტინგემ, მოკლედ, მთელმა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ჩვენს ყოფასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ზნეობრივი ნორმების დამკვიდრება. დაუშვებელია ყველამ ყველაფერი ილაპარაკოს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი ქვეყნისაგან ერთ დიდ საგიჟეთს მივიღებთ", - აცხადებს გაჩეჩილაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
ამასთან, მისივე განმარტებით, "როდესაც მტკიცებულების გარეშე, უარგუმენტოდ ლაფს გასხამენ, ეს აღარც პოლიტიკაა და არც პოლიტიკური თამაში".
"საქართველოში იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც სიტყვით ისეთი ემოციური ტალღა გამოუწვევიათ, რომ ძალიან ავნეს კონკრეტულ პიროვნებას. ბოლო სამი წელია ვებრძვი ბოროტებას, რომელიც ქვეყანაშია და არა მაქვს უფლება, მტკიცე და გამძლე არ ვიყო. რეზინის არა ვარ, საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, ოჯახის შვილი, მამა და ბაბუა, ამიტომ ეს ყველაფერი მძიმე გადასატანი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ მაინც ვერ გამტეხენ", - განმარტავს გაჩეჩილაძე.