ვერცერთ საჯარო განცხადებას ვერ ნახავთ, რომლის ფარგლებშიც რომელიმე ხელოვანი გამეკრიტიკებინოს პოზიციის გამო, თუ არ ჩავთვლით ანიტა რაჭველიშვილის შემთხვევას, – კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
წულუკიანის თქმით, თავადაც აქვს უფლება, გამოხატოს აზრი იმ სიტყვებითა და ფორმულირებით, როგორც სურს.
„ცნობილი მომღერალი თუ ყოფილი მომღერალი ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არის თურმე რუსული და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინს უმღერის რუსეთში. ეს არის უცნაურობა პოზიციასა და ქცევას შორის. როგორც თქვენ, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი თავისუფლად იმ ფორმულირებითა და სიტყვებით, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლი. საქმე გახლავთ შემდეგში: ზოგიერთს აღიზიანებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეიძლება საერთოდ იფიქროს, რამე თქვას. აი, ეს არის ზოგიერთისთვის პრობლემა. რატომღაც ითვლება, რომ ყველა სხვას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, უხეშად; ყველა სხვას აქვს უფლება, დააბულინგოს „ქართული ოცნების“ მომხრე და წარმომადგენელი. მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და მის წარმომადგენლებს არ გვაქვს უფლება, გულში გავივლოთ რაიმე აზრი, მით უმეტეს, ეს აზრი გამოვხატოთ. მინდა, გაგაწბილოთ და გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს უფლება, ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. ვფიქრობ შემდეგს – რომელიმე ხელოვანი თვლის, რომ ყოველგვარი რუსული მიუღებელია, ერთგულია ამ მიდგომის და არ მღერის პუტინის რუსეთში ან თავს იკავებს ნებისმიერი საპირისპირო პოზიციისგან და ამბობს სიმართლეს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანმა დღეს სოციალურ ქსელში ანიტა რაჭველიშვილის 2014 წლის ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „ეს მოსკოვში უმღერა. სრულიად გამჭვირვალედ, როცა ჯერ კიდევ ჰქონდა და სანამ დაკარგავდა (დალოცვილ) ხმას!“