"ქართული ოცნება" მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს უკვე ღიად ამჟღავნებს", - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა: „დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხო ასეა? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს, ეხლა ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება“.
ნაცვლიშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველოს მთელი ევროკავშირი გვერდით უდგას, როდესაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, ცხადი ხდება, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მხოლოდ რუსეთი და "ქართული ოცნება" ამბობს.
„ვეღარ არხერხებს უკვე წინასწარ დაწერილი დეზინფორმაციებით საუბარს და დაიწყეს გამჟღავნება იმ მავნებლური ანტისახელმწიფოებრივი მიზნის, რის გამოც, სინამდვილეში, დააბრუნეს რუსული კანონი. დღეს თავისი პირით ამბობს ღარიბაშვილი და „ოცნება“ უარს ევროკავშირზე. ამ ტიპის განცხადება, როდესაც არათუ კარი ღია არ არის, კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, როდესაც გერმანიის კანცლერი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სკეპტიკოსი ქვეყნისა, ამბობს, რომ „ევროკავშირი იქნება ლისაბონიდან თბილისამდე“ და როცა მთელი ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას, ამ დროს ვინ ამბობს ამ ყველაფერზე „არას“? - რუსეთი და მისი წარმოამდგენელი „ქართული ოცნება“, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.