ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, გადმოალაგებენ ტყავის ქურთუკებს, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ ადამიანების მხრიდან მოედინება აგრესია, ადამიანის ზიზღი.
„დღევანდელი ინტერპელაციის თემა არის მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობა. ჩვენ სამწუხარო ფაქტი გვაქვს, რომ ოპოზიციაში, განსაკუთრებით რამდენიმე ქალი გამოირჩეოდა. ახლაც ვნახეთ თინა ბოკუჩავას საქციელი. სიტყვიერად, ფიზიკურად ძალადობენ და დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, ისე დაგვახლიდნენ თავში, როგორც არაფერი, თვალსაც კი არ დაახამხამებდნენ ეს ადამიანები. ვხედავთ მათ ქცევას, მათ ზიზღს, რომელიც მათგან გადმოეფინება.
როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინ ეს მაუზერები ჰქონდათ. ამით იყვნენ შეიარაღებული და რასაც აკეთებდნენ, ახსოვს ყველას. თვალს არ ახამხამებდნენ, ისე უსწორდებოდნენ ადამიანებს ქუჩაში თუ საპატიმროში, ისე რიყავდნენ, ისე თიშავდნენ ყველაფრისგან, რასაც საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქვია.
დღეს ოპოზიციაში არიან, ეს მაუზერები ხელში უჭირავთ, მაგრამ შენახული აქვთ თაროებზე. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, თავის ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და ისევ დაერევიან საზოგადოებას. ესენი ფიქრობენ, რომ თავს აიდენტიფიცირებენ რაიმე ევროპულთან? ეს ადამიანები, რომლებიც ბოლშევიკების შთამომავლები არიან? რაც ჩვენ ვნახეთ თინა ბოკუჩავას საქციელი, რასაც ვისმენდით ანა ნაცვლიშვილისგან, ის ზიზღი, რომელიც ტრიბუნიდან გადმოეფრქვეოდა, ხელში მართლაც რომ სჭეროდა იარაღი, მგონი, დაახლიდა აქ ყველას შუბლში.
შეუძლებელია უბრალოდ, ეს აგრესია, რომელიც მათი მხრიდან მოედინება, ადამიანის ზიზღი, ყველაფერი, რაც ადამიანთან არის დაკავშირებული. და უნარი რომ არ აქვთ, მოისმინონ პასუხები, ესეც აჩვენებს. მოვლენ, ბოღმას დაანთხევენ, მერე გადიან დარბაზიდან და ამ თავისი ბოღმით დატვირთულები უკვე სხვებზე ავრცელებენ ბოღმას. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. სამწუხაროა, რომ ასეთ ხალხს კიდევ აქვთ პრეტენზიები, რაიმეზე ისაუბრონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.