გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა ნატო-ს ქვეყნებს, უკრაინისთვის მოიძიონ Patriot-ის ტიპის ექვსი კიდევ საჰაერო თავდაცვის სისტემა.
„ვიცით, რომ უკრაინას ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მას სჭირდება მკაფიო სიგნალი, რომ ეს გაგრძელდება დიდხანს და მუდმივ საფუძველზე. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იარაღის, არტილერიისა და საბრძოლო მასალის საკმარისი რაოდენობის მიწოდების უზრუნველსაყოფისკენ“, - განაცხადა შოლცმა ბრიუსელში ევროსაბჭოს შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მანამდე განაცხადა, რომ კიევმა მოკავშირე ქვეყნებში 100 საჰაერო თავდაცვის სისტემა მოიძია და ითხოვს მათგან სულ მცირე შვიდის გადაცემას უკრაინის ქალაქების დასაცავად.
გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა Patriot -ის სამი სისტემა ბუნდესვერის რეზერვებიდან, მათგან ერთი სულ ახლახან.
„როგორც გავიგეთ, ახლა კიდევ შვიდი სისტემა უნდა იყოს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენია. ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს მასშტაბით კიდევ ექვსი მოიძებნება“, - განაცხადა შოლცმა.
შოლცის თქმით, გერმანიამ შეიტანა ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში რუსული აგრესიის მოსაგერიებლად.
კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სხვა ქვეყნები მიჰყვებიან ბერლინის მაგალითს, რათაუზრუნველყონ უკეთესი დაცვა მრავალრიცხოვანი თავდასხმისგან, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის.