ეს კანონი გაიტანეთ, სანამ ხალხი გაგიტანთ, - პარტია „ლელოს დეპუტატმა’, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართულ ოცნებას“ მიმართა. სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს განიხილავენ.
„მამუკა მდინარაძეც და შალვა პაპუაშვილიც ძალიან ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ საკითხების განხილვა მშვიდად და კონსტრუქციულად მოხდეს. მშვიდად კლავს ცივსისხლიანი მკვლელი. მშვიდად ყოფნა მაშინ, როცა თქვენ საქართველოს ევროპულ მომავალს კლავთ, შეუძლებელია.
თქვენ ამ ტრიბუნიდან წარმოუდგენელი რამ თქვით - როცა ოპოზიცია რუსულ კანონზე საუბრობს, მხოლოდ საგარეო აქტორების განცხადებებს ეყრდნობაო. როგორც ჩანს, არ გინდათ შეიმჩნიოთ და თვალი გაუსწოროთ საქართველოს ათასობით მოქალაქის პროტესტს, რომელმაც შარშან ძალიან მკაფიოდ და მკაცრად დაგიფიქსირათ - არა რუსულ კანონს! ეს ხალხი უკვე გაასხვისეთ, სხვებად გადააქციეთ და აგენტებად მონათლეთ? გუშინ სახლებში სპეცრაზმის გაკეთებული კორიდორით რომ გაიპარეთ, გამოსულიყავით და გენახათ, რამდენი ათასი ადამიანი იდგა და ისევ გეუბნებოდათ - არა რუსულ კანონს! რატომ ვერ გამოხვედით საკუთარ მოქალაქეებთან? ეს კანონი გაიტანეთ, სანამ ხალხი გაგიტანთ და ძალიან მძიმე განაჩენს მოგიჩენთ“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.