აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ მიღწეულია კონსენსუსი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების თაობაზე და კონგრესმა უნდა იმოქმედოს სწრაფად, რათა დახმარება გაუგზავნოს ორივე ქვეყანას. იუწყება ABC News
შუმერის განცხადებით, კონსენსუსი მიღწეული იქნა კვირას სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის.
შუმერმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში ორივე ქვეყნის დასახმარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
მან აღნიშნა, რომ საუკეთესო გზა ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების მიწოდებისთვის არის პალატის მიერ სენატის დამტკიცებული დამატებითი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტის მიღება, რომელიც მოიცავს დახმარებას ორივე ქვეყნისთვის.
შუმერის თქმით, ისრაელმა დაახლოებით მილიარდი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე და უსაფრთხოების კანონპროექტის დამტკიცება შეავსებს მის თავდაცვას.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კვირას განაცხადა, რომ პალატა „კიდევ ეცდება“ კენჭისყრას ისრაელისთვის სამხედრო დახმარების საკითხზე, ირანის ფართო თავდასხმის საპასუხოდ. მაგრამ მან არ დააკონკრეტა, გაერთიანებულია თუ არა უკრაინის მხარდაჭერის პაკეტი ისრაელის დახმარებასთან, ან კენჭი ეყრება თუ არა მას მიმდინარე კვირაში.