ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, მაგრამ დაიცავს თავის ძალებს ახლო აღმოსავლეთში და მხარს დაუჭერს ისრაელს.
ოსტინმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გმობს ირანისა და მისი მარიონეტების დაუფიქრებელ და უპრეცედენტო თავდასხმებს და ასევე მოუწოდებს თავი შეიკავონ შემდგომი აგრესიული ქმედებებისგან.
”ჩვენ არ ვცდილობთ ირანთან კონფლიქტს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყოყმანის გარეშე ვიმოქმედოთ ჩვენი ძალების დასაცავად და ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ოსტინმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც ჩაერთნენ ისრაელზე ირანის მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში.
ოსტინის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში 13 აპრილს ირანიდან, სირიიდან, ერაყიდან და იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ათობით რაკეტა და დრონი მოიგერია.
„ჩვენი ძალები რჩებიან იმ პოზიციაზე, რომ დაიცვან აშშ-ის ძალები და პარტნიორები რეგიონში, განაგრძონ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერა და რეგიონალური სტაბილურობის გაძლიერება“, - დასძინა ოსტინმა.
მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას თქვა, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის შესაძლო ქმედებებში ირანის წინააღმდეგ საპასუხოდ.
ამასთან, ბაიდენმა 14 აპრილისთვის, უსაფრთხოების გუნდთან ერთადმოიწვია შვიდეულის ლიდერების საგანგებო შეხვედრა რათა კოორდინაცია მოახდინონ ირანის თავდასხმაზე დიპლომატიური რეაგირებისათვის.