"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციელს".
ღარიბაშვილის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს".
"როგორ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი ერთ-ერთი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ ამ პიროვნებამ და როგორ სასწაულებრივად გადარჩა ჩვენი გმირი პოლიციელი.
ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე „მოლოტოვის კოქტეილიო“ და ამის შემდეგ ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის, რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, საკუთარ ამომრჩეველზე აღარ მაქვს საუბარი. ის, რომ ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, პარტიას და ხალხს და ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას. მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას.
ბოლო რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი ე.წ. პრეზიდენტობის, როგორ უნდა შეძლოს მან ამ საქმიანობის განხორციელება, ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში, ეს არის დანაშაული პოლიციის წინააღმდეგ. იგი არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი “ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით. აი, ეს არის ჩემი შეფასება. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი. რამდენიმე თვეში იგი აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერება, როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა და დანაშაულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.