მოსკოვში მიიჩნევენ, რომ დადგება დრო და "ქართველი ხალხი ისეთ ლიდერს აირჩევს, რომელიც საკუთარი სახელმწიფო ინტერესებით იმოქმედებს და არა გეოპოლიტიკური თამაშით".
ამის შესახებ ტელეკომპანია "რასია 24"-თან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ლიდერი, რომელიც მეზობლებთან ურთიერთობებს გაუფრთხილდება და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას დაამყარებს ურთიერთ პატივისცემის, თანასწორობისა და რეგიონში მცხოვრები ყველა ხალხის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, ორ ერს შორის არსებული ბარიერები მოიხსნას.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებზე კატეგორიულ უარს აცხადებს და ამის მიზეზად "სააკაშვილის რეჟიმს" ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ შესთავაზე კრემლს პირდაპირი დიალოგის დაწყება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ეს ფაქტი, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის უმეტესმა ქვეყანამ ოფიციალურად აღიარა.