აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის სეიოზული საფრთხე არსებობს და ეს შესაძლოა ნებისმიერ დღეს მოხდეს.
როგორც აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, თეირანმა შესაძლოა, უპასუხოს 1-ელ აპრილს სირიაში ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელსაც მაღალი რანგის ირანელი სამხედროების დაღუპვა მოჰყვა.
„ისინი ისრაელს სერიოზული დარტყმით ემუქრებიან. როგორც მე ვუთხარი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ჩვენი ვალდებულებაა უზრუნველვყოთ ისრაელის უსაფრთხოება ირანისა და მისი მარიონეტების ამ საფრთხეებისგან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: რკინსებურად დავიცავთ. ჩვენ განზრახული გვაქვს ყველაფერი გავაკეთოთ ისრაელის უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ვაშინგტონში იზრდება შეშფოთება თეირანის ოფიციალური პირების მიერ მზარდი ძალადობრივი რიტორიკის გამო, რომლებმაც პირობა დადეს, რომ შურს იძიებენ ისრაელის საჰაერო თავდასხმისთვის დამასკოში ირანის საკონსულოს შენობაზე, რომლის დროსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წარმომადგენელი ემსხვერპლა.
მათ შორის ბრიგადის გენერალი მოჰამედ რეზა ზაჰედი, ასევე მისი მოადგილე, გენერალი მოჰამედ ჰადი ჰაჯი რაჰიმი. თავდასხმის შემდეგ გაჩნდა ესკალაციის სერიოზული რისკი ისრაელსა და მის რეგიონულ მოწინააღმდეგეებს შორის.
ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი "უნდა დაისაჯოს და დაისჯება" ირანის საკონსულოზე თავდასხმის გამო.
„ბოროტმა რეჟიმმა ამ მხრივ შეცდომა დაუშვა, ის უნდა დაისაჯოს და დაისჯება. საკონსულოები და საელჩოები ნებისმიერ ქვეყანაში არის იმ ქვეყნის ტერიტორია, რომელსაც ისინი ეკუთვნის. როდესაც ისინი თავს დაესხნენ ჩვენს საკონსულოს, ეს ნიშნავს, რომ ისინი თავს დაესხნენ ჩვენს ტერიტორიას. ეს არის საყოველთაო კანონი“, - განაცხადა ხამენეიმ.