აშშ-მა, როგორც საჯაროდ, ასევე მთავრობასთან პირად საუბრებში გამოთქვა სერიოზული შეშფოთება წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს და ასევე გვაწუხებს, რომ ის უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების შესაძლებლობაზე, აკეთონ თავიანთი საქმე, დაეხმარონ ქართველ ხალხს ყოველდღიურად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
დანიგანის თქმით, იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა, შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს.
„ეს შეშფოთება მხოლოდ აშშ-ს არ აქვს, ევროკავშირმა, ნატო-მ, ევროპულმა საბჭომ, ევროპარლამენტმა, მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ და პარლამენტმა, გაერო-მ ასევე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ ეს კანონპროექტი უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე. მინდა, ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან სამუშაოზე, რომელიც ჩვენი დახმარებით ხორციელდება. აშშ, პარტნიორობითა და მეგობრობით, მჭიდროდ მუშაობდა საქართველოს მთავრობებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა განეხორციელებინა ექვსი მილიარდ დოლარის დახმარება. რას ნიშნავს და როგორია ეს მეგობრობა და დახმარება? მეგობრები რასაც აკეთებენ, რომ მხარს უჭერენ მეგობრებს გაძლიერებაში, სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენმა დახმარებამ გააძლიერა საქართველოს თავდაცვითი ძალები, აღჭურვა საქართველოს სანაპირო დაცვა, რათა საქართველომ შეძლოს სუვერენული ტერიტორიის დაცვა და ასევე შეაკავოს შემდგომი აგრესია“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა ელჩმა.