აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ გასულ კვირას აშშ-ისა და ისრაელის ლიდერებს შორის კომუნიკაციის შემდეგ აღინიშნება პოზიტიური მოვლენები ისრაელის მცდელობებში ღაზის სექტორში ჰუმანიტარული სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მილერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საუბრის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, ბოლო დღეებში შეიმჩნევა პოზიტიური მოვლენები.
მათ შორის მან აღნიშნა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ღაზის სექტორის ჩრდილოეთით კიდევ ერთი გამშვები პუნქტის გახსნაზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის ამ ნაწილისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების თვალსაზრისით, ასევე თანხმობა აშდოდის პორტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და იორდანიიდან შესული ჰუმანიტარული კოლონების მოძრაობის უზრუნველყოფისთვის.
„წინა დღის განმავლობაში ღაზაში 304 სატვირთო მანქანა შევიდა, ეს არის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლი კონფლიქტის დაწყების დღიდან... მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ დავინახოთ არა მხოლოდ რაოდენობის ყოველდღიურ გაზრდა, არამედ ისიც, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს დროთა განმავლობაში“, - განაცხადა მილერმა.
მან გამოთქვა მოლოდინი, რომ ერთ კვირაში სექტორში შესული სატვირთო მანქანების დღიური რაოდენობა 350-მდე გაიზრდება.
მილერი ასევე მიესალმა ისრაელის განცხადებას ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებაში ჩართულ ორგანიზაციებთან პირდაპირი კონტაქტის საკოორდინაციო განყოფილების შექმნის შესახებ. მისი თქმით, ბაიდენმა ეს საკითხი პირდაპირ წამოჭრა ბოლო საუბრისას და ასეთი დანაყოფის შექმნამ თავიდან უნდა აიცილოს მოხალისეებზე თავდავსახმისა და შემდგომი ტრაგიკული შემთხვევები.
"ეს უახლესი მცდელობები უნდა იყოს მხოლოდ საწყისი წერტილი ისრაელის გრძელვადიანი ვალდებულებისთვის, უზრუნველყოს, რომ ღაზაში მცხოვრებ ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ ძირითად საჭიროებებზე. ჩვენ ველით, რომ ისრაელი სრულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, "უპირველესად მნიშვნელოვანია შედეგები და ჩვენ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა მილერმა.