უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება IAEA-ს 5 პრინციპს და საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას," - განაცხადა IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ.
მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუს ოკუპანტებს ეკისრებათ.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა არ არის ჩართული ოკუპირებული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რაიმე შეიარაღებულ პროვოკაციებში.
აგრესორი სახელმწიფო კიდევ ერთხელ აყენებს საფრთხეს ატომურ ობიექტს და მთელი ევროპის მშვიდობიან მოსახლეობას და გარემოს, - თქვა მან
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების სრული კონტროლის ქვეშაა.
სადგურზე იმყოფებიან რუსული სახელმწიფო კორპორაცია “როსატომის“ წარმომადგენლები, ასევე არიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს არაერთხელ განაცხადა, რომ სადგურის დაცვა შეუძლებელია და ის მუდმივად საფრთხის ქვეშ არის.