აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირად საუბრებში განაცხადა, რომ მას შეუძლია დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში, იმით, რომ აიძულოს უკრაინა დათმოს ოკუპირებული ყირიმი და დონბასი. ამის შესახებ The Washington Post წყაროზე დაყრდნობით წერს.
პირმა, რომელმაც ეს საკითხი უშუალოდ ტრამპთან განიხილა, თქვა, რომ პირად საუბრებში ყოფილმა პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას „სურთ შეინარჩუნონ სახე, მათ სურთ გამოსავლის პოვნა“ და რომ უკრაინის ზოგიერთ რაიონში ხალხი თითქოს არ ეწინააღმდეგება რუსეთის შემადგენლობაში ყოფნას.
გამოცემის თანახმად, რუსეთის კონტროლის აღიარება უკრაინის ტერიტორიებზე გააფართოვებს პუტინის დიქტატურის საზღვრებს. ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერი ცდილობს დაარწმუნოს ის, რომ თავიდან აიცილოს მოვლენების ასეთი განვითარება.
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი ამბობს, რომ „ტრამპთან შეხვედრის დროის 100 პროცენტს უკრაინის შესახებ საუბარს უთმობს“.
"მან {პუტინმა} უნდა გადაიხადოს ფასი. ის საბოლოოდ ვერ გაიმარჯვებს", - დასძინა გრემმა.
გამოცემის თანახმად, ინფორმაცია უკრაინის შესახებ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით, გასული წლის ნოემბერში ვაშინგტონში მემარჯვენე ცენტრისტებისა და საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს დელეგაციის შეხვედრისას გაჟღერდა.
"შეხვედრის მონაწილე ბევრი ადამიანის თქმით", თეთრ სახლში ტრამპის ყოფილმა თანაშემწემ მაიკლ ანტონმა აღწერა ტრამპის "სამშვიდობო გეგმის" კონტურები, რომლებიც მოიცავს უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ყირიმსა და დონბასში, ნატო-ს გაფართოების შეზღუდვას და პუტინის წახალისებას, შეამსუბუქოს მისი მზარდი დამოკიდებულება ჩინეთზე.
გამოცემა მარტში ტელეფონით დაუკავშირდა ანტონს, რომელმაც განაცხადა, რომ ტრამპთან არ უსაუბრია 18-24 თვის განმავლობაში და აღნიშნა, რომ არაფერი იცის უკრაინის შესახებ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით.