ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოელი აგენტების თუ უცხოური გავლენის შესახებ, რადგან ეს წინააღმდეგობაშია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ძალისხმევასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
„ევროკავშირსაც ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე კვირის წინ ვსტუმრობდი თბილისს და ჩემი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების მნიშვნელობას, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას. ასევე მკაფიოდ ვთქვი, რომ ქართველ ხალხს სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ნებისმიერი კანონი, რომელიც წარადგენს უცხოეთის აგენტის იდეას, ვშიშობ, იმოქმედებს ძალიან ბევრ მედიასაშუალებაზე, რომლებიც ოპერირებენ საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოშიც, და ძირის გამოუთხრის საქართველოს ძლიერ, დემოკრატიულ საზოგადოებად გადაქცევის იდეას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.