ლატვიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მისამართით გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ეხმიანება და ითხოვს, ბექა ოდიშარიას საქართველოში ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი შეუწყდეს.
ამის შესახებ კოლსი X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ოდიშარიას სიტყვები "ამაზრზენი" და "საზიზღარია".
"ბ. ოდიშარია ამჟამად ასევე არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში - პირი, რომელსაც ლატვია თავის წარმომადგენლობას ანდობს... სირცხვილია ასე გაგრძელება; საპატიო კონსულის სტატუსის გასაუქმებლად საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს". - წერს კოლსი.
კოლსი რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ "საქართველოს სასწორი ისევ კრემლისკენ იხრება".
"საქართველო ისევ სულ უფრო უახლოვდება კრემლს და უფრო და უფრო შორდება ქართველების მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს მომავლის მშენებლობის სასარგებლოდ. გაცოცხლებული ზომბი - "უცხოური აგენტების" კანონპროექტი, რუსული მოდელით შექმნილი და აბსოლუტურად უარყოფილი. კარგი არგუმენტები და დათმობაზე წასასვლელი გზები გეწურებათ", - წერს კოლსი.
გუშინ, პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა.