"ქართული პარტია" ეროსი კიწმარიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორის კახა ბექაურის მიერ ქართული პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის მისამართით გამოთქმული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.
"უკვე 9 თვეა, რაც ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" მართვაში აღარ მონაწილეობს, მის სარედაქციო მუშაობაში არანაირი ფორმით არ ჩარეულა და არ ერევა. "ქართული პარტიის" ყველა ლიდერისთვის, მათ შორის, ეროსი კიწმარიშვილისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, "ქართულ პარტიას" მიუღებლად მიაჩნია პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მედიასაშუალებების გამოყენება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი კახა ბექაური ეროსი კიწმარიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ "ტელეკომპანია "მაესტრო" ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკურ ამბიციებს ეწირება".
მისი განმარტებით, "მაესტროს" ფინანსური პრობლემები აქვს, რაშიც მთავარი დამნაშავე სწორედ კიწმარიშვილია.
"მას შემდეგ, რაც ბატონმა კიწმარიშვილმა გააკეთა პოლიტიკური პარტია, მოინდომა, რომ "მაესტრო" ყოფილიყო "ქართული პარტიის" ინტერესების გამტარებელი და შესაბამისად, სცადა გადაეკეტა არხისთვის ფინანსური წყაროები, რომ ჯერ გენერალური დირექტორი გაეთავისუფლებინა, შემდეგ კი მისი მიზნები განეხორციელებინა", - განმარტა ბექაურმა.
მისი განმარტებით, ფინანსებს, როგორც "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, სწორედ ეროსი კიწმარიშვილი განკარგავდა, ბოლო პერიოდში კი მან არხს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რის გამოც ჟურნალისტები გადაღებებზე ვეღარ დადიან.