„რეალობას თვალი გაუსწორეთ! ვერ მიეტმასნებით თქვენი ზედაპირული განცხადებებით მათ დიდ გამარჯვებას. საქმეა ამ ქვეყანაში საკეთებელი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაჩვენეს ქომაგებმა იმ დღეს, ძალიან ცხადად და ნათლად, რომ თქვენ მიიღებთ დამსახურებულ არას და ეს ასპარეზი გადავა იმ ადამიანებს ხელში, რომლებსაც ძალიან კარგად და სრული პასუხისმგებლობით გვესმის ქვეყნის და ერის წინაშე ის უდიდესი ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასევე, ვიზეიმებთ მთელი საქართველოს ძალიან დიდ გამარჯვებას“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, ფეხბურთელებმა ბევრი შრომით ევროპულ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ხელისუფლებამაც მათ უნდა მიბაძოს.
„ფეხბურთელებმა და სპორტსმენებმა თავისი საქმე გააკეთეს და ნამდვილად შეიყვანეს ეს ქვეყანა ევროპაში. მათ არ დაუწყიათ ბაქიბუქი, არ დაუწყიათ შანტაჟი და არ დაუწყიათ ზერელე განცხადებები. მათ იშრომეს იმისთვის, რომ ფეხბურთში ევროპული სტანდარტი დაედოთ. თქვენ გმართებს შრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობაში, კანონიერი ჩარჩოს შექმნაში და შემდეგ ამ ჩარჩოს პრაქტიკაში დაცვაში დადოთ ევროპული სტანდარტი, რასაც ჯიუტად და ძალიან უპასუხისმგებლოდ, მაგრამ მიზანმიმართულად არ აკეთებთ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.