ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, 30 ათასი მომლოცველის წინაშე რომის პაპმა სააღდგომო მესა აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული მიმართვისას უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების საყოველთაო გაცვლისკენ მოუწოდა.
პაპმა გაიხსენა მსოფლიოს სხავდასხვა კუთხეში მიმდინარე ომები.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხი ტყვეთა გაცვლის მოწოდებას ხმამაღალი აპლოდისმენტებით შეხვდა.
„ჩემი ფიქრები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია იმ მრავალი კონფლიქტის მსხვერპლებისკენ, რომელიც გრძელდება მსოფლიოში, დაწყებული ისრაელით, პალესტინით და უკრაინით.
დაე, მკვდრეთით აღმდგარმა იესომ გაუხსნას მშვიდობის გზა ამ მრავალტანჯულ ხალხებს. მოვუწოდებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისკენ, გამოვთქვამ იმედს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა საყოველთაო გაცვლის შესახებ: ყველა ყველაზე“, - თქვა რომის პაპმა.
ასევე რომის პაპი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების, მძევლების გათავისუფლების და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფისკენ, 7 ოქტომბერს დაკავებული მძევლების სწრაფი გათავისუფლებისკენ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლვი შეწყვეტისკენ. არ უნდა დავუშვათ, რომ მიმდინარე საომარ მოქმედებებს კვლავ ჰქონდეს მძიმე შედეგები მოსახლეობისთვის და რაც მთავარია, ბავშვებისთვის. რამდენ ტანჯვას ვხედავთ ბავშვების თვალებში! ომით მოცულ მიწაზე ამ ბავშვებს დაავიწყდათ, როგორია ღიმილი“,-აღნიშნა რომის პაპმა.