თავისუფალი დემოკრატები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანთათვის შეღავათების აღდგენის ინიციატივით გამოდიან.
ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გმირთა მოედანზე უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია. დღეს თითქმის 20 ათასი ომის ვეტერანი ყველასგან მიტოვებულია, როგორც სახელმწიფოსგან, ასევე საზოგადოებისგან. ჩვენ ვითხოვთ აღუდგეს მათ ყველა ის შეღავათი, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინათ გაუქმდა", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ამასთან, ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს გმირულად დაღუპული რამდენიმე მეომრის ფოტოსურათი წარმოუდგინა, რომლებიც თავის დროზე ორთაჭალაში, გვარდიის მთავარი სამმართველოს შენობის კედლებზე იყო განთავსებული და მას საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადასცეს.
"აღნიშნული შენობა საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში შეიტანეს, გმირი მეომრების ფოტოსურათები კი სანაგვეზე გადაყრილი აღმოჩნდა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და ხელისუფლებას ამ ვანდალური ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.