უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი ცდილობს გამოიყენოს კროკუს სითი ჰოლზე ტერორისტული თავდასხმა ხალხის მობილიზებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ გვესმის, რომ ISIS-მა (“ისლამური სახელმწიფო“) აიღო პასუხისმგებლობა ამ ქმედებებზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს მათი ოფიციალური ინფორმაციაა და სასაცილოა, როდესაც რუსეთი ცდილობს უარყოს ის, რაც ISIS-მა თქვა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა", - თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთმა ამის შესახებ წინასწარ იცოდა დაეს ფაქტია.
როგორც ზელენსკიმ თქვა, უცხო ქვეყნების სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს რუსეთი თავდასხმების შესახებ და თარიღებიც კი დაასახელეს.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ რეაგირებდა დაზვერვის წინასწარ ინფორმაციაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დროსაც კი, უცხოელ პარტნიორებსა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შორის მუდმივი კავშირია.
„რატომ არ იყო დაცვა? მოსკოვის ირგვლივ? რატომ არ იყო რეიდები? ამას ისინი აკეთებენ იმ დროს, როცა ნავალნის მსგავს ადამიანს, ოპოზიციონერს, უნდა ქუჩაში გამოსვლა პუტინის წინააღმდეგ, თქვენ ნახეთ, რა ხდება. ვნახეთ რა რეიდებია {რუსეთში}. იტაცებენ {პროტესტის მონაწილეებს} და მაშინვე ციხეში მიჰყავთ, მათი ნათესავებიც, ანგარიშებს უბლოკავენ. ყოველთვის ასე რეაგირებენ. რატომ არ გააკეთეს ეს ამ შემთხვევაში?“ - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხი მყისიერად ჩნდება, პუტინს სჭირდება საბაბი, რომ უკრაინაზე თავდასხმა გააგრძელოს.
"მას სჭირდება მეტი ხალხის მობილიზება მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე. ჩვენ გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. მას ესმის, რომ არ შეუძლია არავის მობილიზება, გარდა პატიმრებისა. მას სჭირდება მუდმივი საპასუხო ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ ხალხის მობილიზება უკრაინის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პუტინი მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი, რათა გააერთიანოს რუსული საზოგადოება, რომელსაც არ სჯერა ამ ომის უკრაინის წინააღმდეგ და კერძოდ, რუს ჯარისკაცებს არ სურთ ბრძოლა.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინს არ უნდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.