"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი დღეს მცხეთაში იმყოფებოდნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლიდერები პირმისაშვილების ოჯახს ესტუმრნენ და მას საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
"ჩვენ ამ ოჯახში შობა-ახალი წლის მოსალოცად მოვედით და ასევე ვაცნობეთ ისიც, რომ მომავალ სასწავლო წელს შეუძლიათ შედარებით მშვიდად შეხვდნენ. პირმისაშვილების ოჯახს ბავშვების სახელმძღვანელოების შესაძენად 250-280 ლარი სჭირდებოდა, რაც უკიდურესად მძიმე ხარჯია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და სწოერედ ამ მიზეზით უფროსი გოგონა სკოლიდანაც გამოიყვანეს. ჩვენი ინიციატივის შედეგად, ახალი წლიდან ათიათასობით ოჯახი მცირე შეღავათს მაინც იგრძნობს. ზუსტად ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ინტერესების დასაცავად ჩვენი ბრძოლა აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მთავრობას შორის შეთანხმების თანახმად, 57 ათასი ქულიდან 70 ათას ქულამდე გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან წიგნებს უფასოდ მიიღებენ. ეს შეღავათი I-დან XII კლასის ჩათვლით, 123 ათას ბავშვზე გავრცელდება.
მასალის გამოყენების პირობები