ENG / RUS       12+

რამაზ საყვარელიძე: წელს ხელისუფლებამ ოპოზიციას საპროტესტო აქციებით გამარჯვების პერსპექტივაც მოუჭრა

რესპოდენტის შესახებ

2010 წელიც იწურება. დეკემბრის ბოლოს ქვეყნის დედაქალაქში სიტუაცია ასეთია: შარშანდელთან შედარებით, მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური 10 თეთრით, წყლის ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე 2,20 ლარიდან 3,15 ლარამდე, დასუფთავების მოსაკრებელი კი 1,20 ლარიდან 2,50 ლარამდეა გაზრდილი. ამას ემატება საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანები, რომლებიც ხელისუფლებისგან "ამაგის დაფასებას" ითხოვენ და უამრავი დევნილი, რომელსაც ახალი წლის ღამის ღია ცისქვეშ გატარება ემუქრება, თუმცა არა ფოიევერკების საცქერლად. სამაგიეროდ, 2009 წლის მსგავსად არც წელს შეცვლილა მთავრობის განწყობა, რომელიც გაწეული სამუშაოთი მუდმივად კმაყოფილია...

წლის შედეგები "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ შეაფასა...

- ბატონო რამაზ, სჯობდა თუ არა 2010 წელი გასულ წელს?

- თუ მაინცდამაინც შევაჯიბრებთ, სჯობდა. 2009 წლის აპრილის ცნობილი მოვლენებისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს ყველა პროცესმა შედარებით წყნარად ჩაიარა. გარდა ამისა, 2010-ის არჩევნები, რომელიც, ალბათ, საქართველოს წლის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალური მოვლენაა (მიუხედავად იმისა, რომ მას პოლიტიკური ბალანსი არ შეუცვლია და ძალთა განაწილება ისეთივე დარჩა, როგორიც აქამდე იყო), უფრო წყნარად და ძალადობის ნაკლები ნიშნით ჩატარდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიები გამოყენებული არ იყო. პირიქით, უფრო რაფინირებული ტექნოლოგიები იყო გამოყენებული, რაც აგრეთვე, წინსვლის ნიშანია.

- ანუ თქვენ ამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა, ოღონდ ისე, რომ ის საერთაშორისო საზოგადოებამ დემოკრატიულად ცნო?

- არა, მე არ ვამბობ რომ გაყალბდა ან არ გაყალბდა. შეიძლება თავად ხმის მიცემა არ გაყალბებულა, მაგრამ საარჩევნო დღემდე ხელისუფლების მხრიდან იმხელა სამუშაო იქნა ჩატარებული და ტექნოლოგიები ისე გამოყენებული, რომ მან მისთვის სასურველი შედეგი მიიღო. ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ამ ხელისუფლებას საყვედურს ვერ ეტყვი - იყენებს. მეორე მხარემაც რომ გამოიყენოს, უკეთესი იქნება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, სადავოდ რჩება მედიისა და ბიზნესის თავისუფლების თემა. ეს პრობლემები, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთო აქვს გასულსა და მიმდინარე წლებს.

- 2009 წელთან შედარებით, ოპოზიცია წელს პოლიტიკურად საკმაოდ პასიურ სიტუაციაში იმყოფებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მას თავი არაფრით გამოუჩენია. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- დიახ, ოპოზიციურმა პარტიებმა წელს ნაკლებად მოახერხეს თავის გამოჩენა... გავიხსენოთ 2010-ის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი _ საკმაოდ მაღალი იყო აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნები იყო. ამან გამოიწვია საარჩევნო ყუთებთან ხალხის მობილიზება, ოპტიმიზმი, რაგბის ბურთის ჩუქება და ა. შ.. ანუ, თუ 2009 წელს საზოგადოებაში ოპტიმიზმი აქციებთან დაკავშირებით არსებობდა, 2010-ში ანალოგიური ოპტიმიზმი უკვე არჩევნებში მონაწილეობის კუთხით გაჩნდა და იმან, რომ არჩევნებმა პოლიტიკური სურათი და შედეგი არსებითად არ შეცვალა, ოპოზიცია ახალ საგონებელში ჩააგდო. ახლა ტაიმ-აუტი აქვს აღებული, უბრალოდ, გარიდებულია ყველა პროცესთან, სწორ გზას ეძებს თუ მოსახლეობის ნდობის გასაღების მოპოვებას, რომელიც აშკარად დაკარგული აქვს - ამას დრო გვიჩვენებს.

- ანუ ოპოზიცია დამარცხებულ პოზიციაშია?

- მე უფრო ვიტყოდი, რომ წელს ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ვიდრე ოპოზიცია დამარცხდა. გამარჯვებაზე ლაპარაკი იოლია, დამარცხება კი მაინც იმას ნიშნავს, როცა რაღაცას არსებითი შეცდომების გამო წააგებ. ბევრი სიახლე, რამაც გამარჯვება განაპირობა, სწორედ ხელისუფლებამ გამოავლინა და მან დამსახურებული გამარჯვება ამით მოიპოვა. ეს ოპოზიციის სისუსტეს არ უკავშირდება, რაც გავრცელებული ფორმულაა. ოპოზიცია ხელისუფლებამ, უბრალოდ, წელს უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, ვიდრე ჩვეულებრივ იყო ხოლმე. მმართველმა გუნდმა გარკვეული თვალსაზრისით, თავისი ტაქტიკით, მოუჭრა უმცირესობას საპროტესტო აქციებით გამარჯვების პერსპექტივა, ასევე მოუჭრა საარჩევნო გზით გამარჯვების პერსპექტივა. მსოფლიო პოლიტიკურმა ცხოვრებამ კი სხვა გზა არ იცის. მესამე არის შეიარაღებული აჯანყება, რომელიც არავის უნდა. ასე რომ, ყველა არსებული გზა, რომელსაც ოპოზიცია საკუთარი მიზნის მისაღწევად განიხილავდა, ხელისუფლებამ მოჭრა, რითაც ის იმ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, რომელშიც ძლიერი ოპოზიციური ძალები იშვიათად აღმოჩნდებიან ხოლმე.

- წელს ოპოზიციურ ფლანგზე რამდენიმე ცვლილება მოხდა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და სახალხო კრებისა და "ქართული პარტიის" სახით ახალი ძალების ჩამოყალიბება იყო. რას გეუბნებათ ის სახელები და გვარები, რომლებიც ამ ორ გაერთიანებას უდგანან სათავეში?

- ვფიქრობ, ქალბატონმა სალომემ გადაწყვიტა, რომ მისთვის უფრო შედეგიანი კარიერის ჩვეულ - დიპლომატიურ ამპლუაში გაგრძელება იქნებოდა და მოცდა ამჯობინა იქამდე, ვიდრე არსებული პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება. რაც შეეხება ახალ გაერთიანებებს, ჯერ არ ვიცით არც ერთის პოტენციალი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებენ ისინი ქვეყანაში ცვლილებების მოხდენას. საამისოდ ორივე ძალიან ახალი ძალაა. არც ერთს პირველი ნაბიჯებიც კი არ აქვთ გადადგმული ამისთვის. ასე რომ, ძნელია პროგნოზის გაკეთება.

- 2010 წელი კიდევ ერთი თვალშისაცემი ნიშნით იყო გამორჩეული - ოპოზიციურ ძალებს შორის დაპირისპირება გახშირდა, რისი ბოლო და ყველაზე მკაფიო მაგალითი ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირებაა. რამდენად შეიძლება ამ ყველაფრის უკან მართლა ხელისუფლება იდგეს, როგორც ეს ერთ-ერთ ვერსიად განიხილება?

- ხელისუფლების როლზე რა მოგახსენოთ, შესაძლებელია, ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი საზოგადოებაში ამ ვერსიის ტრიალს. მოგეხსენებათ, რომ ანალოგიური ვერსია მაშინაც ცირკულირებდა, როცა ცნობილი მიტინგი (იპოდრომზე გამართული აქცია) უფრო რადიკალური არ გახდა. მაშინ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ოპოზიციონერი ლიდერების მოტივი "სისხლის დაღვრა არ გვინდა" არ იყო დამაჯერებელი. სამწუხაროდ, ქართველებს ეს არგუმენტი საკმარისად არ მიგვაჩნია. თუმცა მგონია, რომ ეს მოტივი რეალური შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც მაშინ პროცესებს განაგებდნენ.

- თუ ბადრი ბიწაძე, როგორც გაჩეჩილაძე ამტკიცებს, "ხელისუფლებასთან შეკრული" არაა, მაშინ რა მიზანი უნდა ჰქონდეს მის სკანდალურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ლევან გაჩეჩილაძე ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდა და მისგან მილიონები აიღო?

- მე მაინც ადამიანურ მიზნებს უფრო ვხედავ ამ ყველაფერში. მგონია, რომ ეს საპასუხო დარტყმა იყო ოქრუაშვილის მხრიდან სახალხო კრებისა და ბურჯანაძის წინააღმდეგ განხორციელებულ პირველ შეტევაზე და ის უფრო შორსგამიზნულ მიზნებს არ ისახავს.

- ანუ მამაკაცური შურისძიებაა?

- დიახ, მე ასე მგონია.

- და გამორიცხავთ, რომ გაჩეჩილაძე ხელისუფლებასთან გარიგებაზე წავიდოდა?

- სისხლისღვრაზე რომ არ წავიდოდა, ნამვილად მჯერა. დარწმუნებული ვარ, აქციაზე მყოფ მომიტინგეებს დარტყმის ქვეშ არ დააყენებდა. რაც შეეხება გარიგებას, სიტყვა "გარიგება" ძალიან რთული სიტყვაა... პირადად იმ ისტორიაში ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ საუბარი იყო თინა ხიდაშელის რომელიღაც თანამდებობაზე დანიშვნაზე...

- დიან, გენპროკურორად...

- ხიდაშელის გენერალური პროკურორობა არანაირად არ შეიძლება გაჩეჩილაძის პირადი ინტერესის დაკმაყოფილება ყოფილიყო. ასე რომ, შეიძლება მართლაც შედგა საუბარი გარიგების მსგავს რამეზე, ოღონდ საიმისოდ, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მეტი ხვედრითი წილი ჰქონოდა. ასეთი გარიგება ყველა მოლაპარაკებაში დევს _ გარიგების გარეშე მოლაპარაკება არ არსებობს და თუ ორი მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდება, ე. ი. მათ შორის რაღაც გარიგება მოხდება კიდეც. თუ მხოლოდ თავის პირად ჯიბეზე ზრუნავს ადამიანი, ასეთი გარეიგება, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ლაპარაკია პოლიტიკურ გარიგებაზე, რათა თავისი პოლოტიკური პოზიციები, როგორც მხარის, გააძლიეროს, ეს სხვა რამეა. არ ვიცი, რომელზე იყო საუბარი სააკაშვილ-გაჩეჩილაძის შეხვედრის დროს, რადგან აქამდე გახმოვანებულ ფაქტებში ძალიან ბევრი რამ ბუნდოვანი და გაუგებარია.

- რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების მუშაობას. მთავრობამ წლიური ანგარიშის შეჯამება უკვე დაიწყო და შეიძლება ითქვას, რომ პრემიერიდან დაწყებული ყველა მინისტრი მისი უწყების საქმიანობით კმაყოფილია...

- კმაყოფილი უნდა იყოს მოსახლეობა, თორემ მინისტრები რომ კმაყოფილნი არიან, ეს არაფერს გვაძლევს. ღიმილის მომგვრელია, როცა ერთმანეთის შემფასებლები ძირითადად კოლეგები არიან. პირადად მე კმაყოფილების ნაკლებ საფუძველს ვხედავ, რადგან აშკარაგად ჩანს, რომ სამუშაო ადგილების დეფიციტისა და ფასების ზრდის სერიოზული პრობლემები არსებობს. გზების მშენებლობაზე ასი და ათასი სამუშაო ადგილის გაჩენა ამ საკითხს ვერ წყვეტს, რადგან გზა აშენდება და ამის მერე ის ხალხი ისევ უმუშევარი დარჩება.

როგორც უმუშევრობის, ისე ფასების ზრდის პრობლემას სახელმწიფო უნდა უვლიდეს, რადგან სწორედ ის არის არჩეული, რაც მას ვალდებულებას აკისრებს შექმნას მექანიზმები, რომ ბაზარი არ იყოს სახიფათო და მძიმედ ასატანი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის. ასეა დასავლეთის ქვეყნებში...

- დაბოლოს, პრეზიდენტ სააკაშვილის აზრით, 2010 წელი საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოსთვის "გარდამტეხი" იყო. თქვენი შეფასებით, ეს ნამდვილად ასეა?

- გარდატეხა ერთ მხარესაც შეიძლება და მეორესაც, ამიტომაც კარგია ვიცოდეთ, პრეზიდენტმა დადებითი იგულისხმა თუ უარყოფილი... იყო თუ არა გარდამტეხი, არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს. ხალხური სიბრძნე გვასწავლის, რომ დროზე ადრე სიხარული არ არის უპრიანი, თუმცა წელს უდავოდ ბევრი სასიხარულო ფაქტი მოხდა _ უპრეცენდენტო მხარდაჭერა მოიპოვა საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის საქმეში, უპრეცენტენტო მხარდაჭერა რუსეთთან დაპირისპირების თემაშიც და ეს რაუნდი, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგი იყო საქართველოსთვის, მაგრამ საბოლოო შეფასების გაკეთებას მაინც არ ვიჩქარებდი. ჯერ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში, რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ის. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს ერთი სპეციფიკა - რაც უფრო უპირისპირდებიან, თავადაც მეტად უპირისპირდება. ასე რომ, იმის იმედი, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად რუსეთი უკან დაიხევს, ამ რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, არ უნდა გვქონდეს.


"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

 

ავტორი: . .