არ შეიძლება, რომ დელეგაცია, რომელსაც სურს, შედეგზე გავიდეს, არ თანამშრომლობდეს ოპოზიციასთან და მხოლოდ გზად აჩვენებდეს რეზოლუციის ტექსტს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამის მიზანი იყო, საქართველოში უხერხული კამპანია დაეწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
„მთელი კამპანია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო, მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების გადაფარვას, რაც იქნა გაჟღერებული „ევრონესტში“ ეკონომიკის კომიტეტზე. მაგალითად, საერთაშორისო ტრიბუნიდან გაისმა, რომ საქართველო და სომხეთი გამოიყენება რუსეთში სანქცირებული პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადასაცემად. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით აქ არავინ ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ევროპაში არ არიან სირაქლემას პოზიციაში და სიმართლეს უსწორებენ თვალს. ამიტომ მგონია, ამ პრობლემებეზე საუბარი უფრო რელევანტურია. არ შეიძლება, რომ დელეგაცია, ხელმძღვანელი, რომელსაც სურს, შედეგზე გავიდეს, არ თანამშრომლობდეს საკუთარი პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციასთან და მხოლოდ გზად აჩვენებდეს რეზოლუციის ტექსტს, არ გავდიოდეთ მის შინაარსს და არ გვთავაზობდეს ჩვენი წინადადებების გათვალისწინებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საქართველოში უხერხული კამპანია დაეწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ. Პროცესი არ იყო შედეგზე ორიენტირებული.
რაც შეეხება თავად რეზოლუციას, ის შეეხებოდა სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. ვთქვათ, ჩვენ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ გვინდა, რომ საქართველო იყოს სათანადოდ წარმოჩენილი, მაშინ რას აკეთებენ გულანთებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რათა 110-დან ათი ხელმოწერა შეაგროვონ? ათიც არ სჭირდებოდათ, ოთხნი თვითონ იყვნენ და ექვსი სჭირდებოდათ დამატებით. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ უკრაინელებს ეხებოდათ ეს ყველაფერი და უკრაინელებთან საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რომ ხელმოწერა ჰქონოდათ. ამიტომ შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოსთვის გამიზნული კამპანიის ნაწილი იყო და არა რეალურად შედეგის მისაღწევად გაკეთებული რეზოლუცია”, - განაცხადა კორძაიამ.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის დაინიცირება ვერ მოხდა, რადგან ამაზე უარი განაცხადეს ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა.