აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კონგრესის პრიორიტეტია აშშ-ის მთავრობის 2024 წლის ბიუჯეტის შეთანხმება და რადგან ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია, ისინი უახლოეს მომავალში გადავლენ უკრაინისა და პარტნიორების დახმარების პაკეტზე. იუწყება „ამერიკის ხმა“.
კონგრესმა ბიუჯეტი 22 მარტამდე უნდა დაამტკიცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ე.წ. შათდაუნი, აშშ-ის სამთავრობო უწყებების მუშაობის დროებითი შეწყვეტა.
თუმცა, ჯონსონის თქმით, საბიუჯეტო საკითხები უკვე ფაქტობრივად შეთანხმებულია და ამ კვირაში კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, თუმცა ამას წინ უძღოდა "მკაცრი მოლაპარაკებები".
ამავდროულად, 22 მარტის შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში, ორკვირიანი შესვენება იწყება, ამიტომ კანონმდებლები, სავარაუდოდ, 8 აპრილის შემდეგ გადავლენ უკრაინის, ისრაელისა და აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის დახმარების დაფინანსების კანონპროექტზე.
„ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულად უკრაინის დაფინანსების მექანიზმზე, ჩვენ ვსაუბრობთ პარტნიორების დამატებითი დაფინანსების მთელ პაკეტზე.
მე ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანისთვის დიდი განსხვავებაა უკრაინისთვის ლეტალურ დახმარებასა და ჰუმანიტარულ კომპონენტს შორის. ახლა ასევე ბევრი დისკუსია მიმდინარეობს REPO Act-ის შესახებ, კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და შესაბამისად ამგვარად მოხდება ნაწილობრივ უკრაინის დახმარება. გარდა ამისა, განიხილება საკრედიტო დახმარების კონცეფცია.
ამ საკითხზე კანონმდებლებს შორის ბევრი გააზრებული, ორიენტირებული მუშაობა და დისკუსია მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის ამერიკის როლი მსოფლიოში. ჩვენ გვესმის მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოკავშირეების გვერდით და არ დავუშვებთ, რომ ტერორისტებმა და ტირანებმა მსოფლიში ითარეშონ“, - განაცხადა ჯონსონმა.