პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გოცირიძის თქმით, შს მინისტრმა თქვა, რომ კერძო სექტორმა კატარიდან 22 მილიონის საფრენი აპარატი იყიდა. „რა არის, არ ვიცით. შეიძლება, არის დრონები, ვერტმფრენები და ა.შ. 22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატების შემოსვლა აქამდე არ ყოფილა და დააკვირდით, ეს ხომ არ გადადის ყირგიზეთ-ყაზახეთში? ეს საფრენი აპარატები საქართველოში დარჩება თუ ვისია ეს 22 მილიონი? ვიცით, რომ საქართველო ხდება რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის გზა“, – აღნიშნა გოცირიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის ეს განცხადება უმრავლესობამ გააპროტესტა და რომან გოცირიძეს მიმართეს: „დავალება გაქვს და ასრულებ?!“ „აგენტი ხარ მართლა“, „საკუთარ ქვეყანას რას აბრალებს“, „მართლა ჭორიკანა ხარ“.
„ხალხის ძალამ" კი ისევ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება მოითხოვა.
"ხმა ჩაიგდე შე, მოღალატე! თქვი, რომ ხარ აგენტი!“ - მიმართა გურამ მაჭარაშვილმა გოცირიძეს.
რომან გოცირიძის ამ განცხადებას შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა. პაპუაშვილმა აღნიშნა: „მივედით იქამდე, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი დეზინფორმაციას ავრცელებს, სხდომათა დარბაზში ქვეყნის ინტერესების პირდაპირ ღალატს არ დავუშვებთ“.