საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასწორია მონაცემი, თითქოს 2012 წლის შემდეგ საქართველოდან 800 ათასი მოქალაქე წავიდა. გომელაურის თქმით, ესაა ქვეყნიდან გამსვლელთა საერთო რაოდენობა, რომელთაგან დიდი ნაწილი უკან შემოვიდა.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ მიგრაციის კუთხით სტატისტიკას აკეთებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით არ ითვლის სტატისტიკას. ეს სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს. საქსტატს აქვს გაკეთებული 2003 წლიდან დღემდე. მგონი, ეს თქვენთვისაც მოწოდებულია. 2023 წლის მონაცემები რომ მოვიკითხეთ, საქსტატმა გვითხრა, დაახლოებით ივნისში გვექნება პასუხებიო. ხაზს ვუსვამ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის კუთხით არ აკეთებს სტატისტიკას, არ ვითვლით ჩვენ.
2012 წლამდე 247 585 ადამიანია გასული, რა მონაცემიც საქსტატმა მოგვაწოდა, ეს ჩვენი დათვლილი არაა. პირიქით, გვაქვს მატება – 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით 2 420 ადამიანის შემოსვლა სააქართველოში. ხალხი მიდის, იქიდან გამომდინარე, რომ ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან. მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს. მაგალითად, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან გერმანიაში, სხვა ქვეყნებიდან მიდიან იქ, სადაც მიაჩნიათ, რომ უფრო მეტი სამუშაო ანაზღაურება ექნებათ. გამიხარდება, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე დაბრუნდეს და საუკეთესო პირობები გვქონდეს ჩვენთანაც, თუმცა ეს არის პასუხი.
800 ათასი არასწორი ციფრია, ესაა, მთლიანად ვინ გავიდა, მათ შორის მეც, თქვენც. რაც მოვიკითხე, იქიდან იგივე რაოდენობა შემოვიდა, შეიძლება, 2 000-ით ნაკლები. მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა ბევრი ადამიანი, რომლებსაც დაკარგული ჰქონდათ მოქალაქეობა, ბევრი ადამიანი შემოვიდა, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და აღარ ჰქონდათ მოქალაქეობა, იყვნენ რუსეთის მოქალაქეები. ომის შემდეგ ბევრი ჩამოვიდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში კითხვებზე პასუხისას.