ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების გზაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებს, დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან.
“არის განსხვავებები. ეს განსხვავებები თავიდანვე იყო საქართველოსა და უკრაინას შორის. მართალი ხართ იმაში, რომ ამ ორმა ქვეყანამ ერთდროულად მიიღო დაპირება ნატო-სგან, რომ ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, მეც იქ ვიჯექი, იმ სამიტზე ბუქარესტში. მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს გასაგები განსხვავებები: საქართველო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი მისი მეზობლის მხრიდან, რუსეთი დღეს წარმოდგენილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ეს მაინც სხვა რამეა, ვიდრე ის ომი, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამას გარდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის მაპ-ის პროცესი გავაუქმოთ, საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ვფიქრობ, კონცენტრაცია საჭიროა სწორედ იმაზე, რომ საქართველოს და უკრაინას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პასუხისმგებლობები აქვთ...
განსხვავება ისაა, რომ ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა და თუ შევხედავთ მათ სხვადასხვა ინსტიტუციას, რეფორმებს და ა.შ., დავინახავთ, რომ ისინი სხვადასხვა დონეზე არიან, სხვადასხვა ასპექტში. მე არ ვამბობ, რომ უკრაინა საქართველოს უსწრებს ყველა ასპექტში, მაგრამ ისინი ინდივიდუალურად ფასდებიან, მათი მხარდაჭერაც ინდივიდუალურად ხდება და გადაწყვეტილებებიც, მათთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე მიიღება. ერთმანეთზე მიბმული არ არიან, არანაირად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.