უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ამბიციები არ შემოიფარგლება მისი უახლოესი მეზობლების საზღვრებით და ის უფრო შორს წავა, სადამდეც ამის უფლებას მისცემენ.
ამის შესახებ მან ონლაინბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც 65 ქვეყნის 160-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა.
კულებამ გაიხსენა 2021 წლის ბოლოს რუსეთის მიერ გავრცელებული დოკუმენტი, რომლითაც ის ნატო-ს 1997 წლის საზღვრებში დაბრუნებას ითხოვდა.
„პუტინის ამბიციებს მხოლოდ მოლდოვით და საქართველოთი არ შემოვფარგლავდი. მისი გეგმები ბევრად უფრო შორს წავა, სადამდეც ამის უფლებას მისცემენ.
სწორედ ამიტომ, ყველაზე ეფექტური გზა სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ნატო და ცენტრალური ევროპის ქვეყნები შეებრძოლებიან რუს ჯარისკაცებს საკუთარ ტერიტორიაზე, ეს არის უკრაინაის დახმარება რუსეთის დამარცხებაში ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის დახმარება, საკუთარი ძალებით ომის წარმოების ფასი გაცილებით მაღალია, მათ შორის, ადამიანთა სიცოცხლის მაღალი ფასი, რამელსაც ახლა უკრაინა იხდის.
მან აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, მისი ამბიციები სცილდება მისი უახლოესი მეზობლების საზღვრებს.
„ის არ ცნობს მრავალი სახელმწიფოს უფლებას იყოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ამიტომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც უნდა იყვნენ შეშფოთებული“, - დასძინა კულებამ.