ცხინვალიდან ახალგორში 40 ერთეული ჯავშანტექნიკის შემადგენლობით რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გრიგოლ ვაშაძის უწყების ინფორმაციით, აქედან 8 ერთეული ჯავშანტექნიკა სოფელ ახმაჯისთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს განლაგდა.
"მათ გააკეთეს ე. წ. "კვამლის ფარდა" და ჩაატარეს სამხედრო წრთვნები, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ახალგორში, სადაც ამჟამადაც არიან დისლოცირებულები", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური თბილისი რუსეთის მხარის აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს და მას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების აშკარა დარღვევად აფასებს, რის კონტექსტშიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს "აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისაკენ მიმართული პროვოკაციები, იკისროს ვალდებულება საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ და უმოკლეს ვადებში განახორციელოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაცია".
"2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და შემდგომი საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებიდან მოყოლებული, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, და მის მიერ ნაკისრ მრავალმხრივ და ორმხრივ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში.