"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს "დანაშაულებს" ახსენებს.
"ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების დროს ეს ქალბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ და რატომღაც მაშინ არ გასჩენია სურვილი, ეს ფაქტი გამოძიებულიყო?! იმიტომ, რომ ის და მისი მეუღლე ხელისუფლების თბილ სავარძლებში ისხდნენ და 7 ნოემბრის აქციის დარბევაში თუ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ", - ასე ეხმაურება ოქრუაშვილი მასთან დაკავშირებით ბურჯანაძის დღევანდელ განცხადებას.
ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ბურჯანაძემ საბოლოოდ დაიმკვიდრა საკუთარი თავი მარგინალი პოლიტიკოსების რიცხვში.
"ამის გამო მე პირადად მას გულით ვუთანაგრძნობ. აფსუს, ნინო", - ნათქვამია ოქრუაშვილის განცხადებაში.
გარდა ამისა, მისი განმარტებით, მისმა თანაგუნდელებმა და პირადად მანაც "ამ ქალთან" საერთო ენის გამონახვა და ერთობის შექმნა ბევრჯერ სცადეს, რამაც არც ერთ ეტაპზე შედეგი არ გამოიღო.
"შედეგი არ გამოიღო მისი არაადეკვატური ქცევის გამო", - ამტკიცებს ოქრუაშვილი,
შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა დღეს ეკა ბესელიას ურჩია, "ლევან გაჩეჩილაძესთან მისი დაპირისპირების გამოძიებამდე, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობის საკითხი გამოიძიოს".