ე.წ. ვეტინგის თემა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაააქტიურა, რომლებიც სრულად ფინანსდებიან უცხოეთიდან. ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთიდან სრული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ქართველი ხალხის ინტერესებს არ ატარებენ. ჩვენ ვხედავდით, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხი მარტივად არის, „საქართველო უნდა მართონ ქართველმა ხალხმა თუ უცხოელებმა?“
„30-წლიან დამოუკიდებლობაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ ქართველი ხალხია ის, ვინც უნდა მართოს ქვეყანა. სწორედ ქართველი ხალხია ის, ვისი მანდატითაც გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ხოლო „ენჯეოები“, რომლებიც ასი პროცენტით უცხოეთიდან ფინანსდებიან, ამბობენ, რომ მათმა დამფინანსებლებმა უნდა მართონ ჩვენი ქვეყანა და გადაწყვიტონ, ვინ იყოს და არ იყოს მოსამართლე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს „ენჯეოები“ არანაირი ხალხის წარმომადგენლები არ არიან, არიან საკუთარი დონორების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, მათი ინტერესია, რამენაირად საკუთარი დამფინანსებლები ჩართონ ქვეყნის მართვაში. „ენჯეოებს“ ხალხისგან არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, მათ ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვთ და ისე მოქმედებენ, როგორც მოქმედებენ. თუმცა გასაკვირია ის, როცა პოლიტიკურ პარტიებზე ვსაუბრობთ.
ოპოზიცია როდესაც ამბობს, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ არა ქართველმა ხალხმა და მათი მანდატით აღჭურვილმა ადამიანებმა, არამედ უცხოელებმა, 26 ოქტომბერს არჩევნებია და ჩვენ არჩევნებზე იმ კონცეფციით გავალთ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ შეგვიძლია, გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ. ჩვენ არ ვართ შეუმდგარი, მაჩანჩალა ქვეყანა და არ ვართ მესამე სამყაროს წარმომადგენელი ქვეყანა. ოპოზიცია არჩევნებზე გადის იმ კონცეფციით, რომ ქართველ ხალხს არ აქვს უნარი, გადაწყვეტილებები თავად მიიღოს და უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მართავენ.
ჩვენ ერთი კონცეფციით გავდივართ, ისინი ნახავენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ხალხი. 26 ოქტომბერს გადაწყდება ყველა ეს საკითხი – ჩვენ გვინდა, ვიყოთ ქვეყანა, რომელსაც იმის პრეტენზია აქვს, რომ დამოუკიდებლად შეუძლია, მართოს ქვეყანა ქართველი ხალხის მანდატით თუ ის, რასაც ამბობს ოპოზიცია, რომ მათ მართვის არანაირი უნარი არ აქვთ და ქართველ ხალხს არ აქვს არანაირი ცოდნა, გამოცდილება და იმის აღქმა, რა არის მისთვის უკეთესი და საჭიროა მეურვეების მოყვანა, რომლებიც გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის ნაცვლად მიიღებენ“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.