საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა რომის პაპის განცხადებას, რომელშიც პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ უკრაინამ უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.
ბორელმა აღნიშნა, რომ ახლა არ არის დრო უკრაინას დანებებისკენ მოუწოდებე.
„არ მომერიდება იმის თქმა, რომ მისი უწმინდესობა, რომის პაპი იმ ბაღში შევიდა, სადაც არავინ ეპატიჟებოდა. ახლა არ არის დრო, უკრაინას დანებებისკენ მოუწოდებდე. ახლა ის მომენტია, როდესაც უკრაინას უნდა ეხმარებოდე“, - აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
შვეიცარიულ ტელეკომპანიასთან ინტერიუში რომის პაპმა განაცხადა: ”ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც აკვირდება სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სხვა ქვეყნების შუამავლობით.
იმის გამო,რომ პაპის განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვატიკანს აღნიშნული განცხადების შესახებ განმარტების გაკეთება მოუწია. ვატიკანის განმარტებით, პაპი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და არა კაპიტულაციისკენ.