"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ხელისუფლებას პარტიის წევრთა დევნაში ადანაშაულებს. მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 28 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერაბ ძირკვაძის სასამართლო პროცესი, რომელიც შეკვეთილი პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო. ძირკვაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე გაუზარდა.
"2008 წლის ზაფხულში, ამერიკული ორგანიზაცია "ქეას" დაფინანსებით, ქ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით, არასამეწარმეო იურიდიულმა პირმა "წინწყარო 2008", რომლის დირექტორია მერაბ ძირკვაძე, ჩაატარა თეთრიწყაროს რაიონის რამდენიმე სოფლის წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია. ჩატარებული სამუშაოს შედეგად წლების განმავლობაში უწყლოდ დარჩენილი სოფლებისათვის წყლით მომარაგების პრობლემა გადაწყდა", _ ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" განცხადებასი.
მათი განმარტებით, ერთი წლის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის გამგებელმა დაიბარა "დემოკრატიული მოძრაობის" ამავე რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მერაბ ძირკვაძე და დაემუქრა, რომ თუ იგი არ შეაჩერებდა პარტიულ მოღვაწეობას, პრობლემებს შეუქმნიდნენ, ხოლო ძირკვაძისგან კატეგორიული უარის მიღების შემდეგ მის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშწორების მიზნით, უსაფუძვლო მტკიცებით, თითქოსდა სარეაბილიტაციო სამუშაო უხარისხოდ და არაჯეროვნადა იყო შესრულებული, სრულიად უდანაშაულო ადამიანი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა.
2010 წლის 11 ივნისს ქ. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც მერაბ ძირკვაძეს ბრალი ედებოდა სსკ-ის ორი მუხლით და ითვალისწინებდა 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთას. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ძირკვაძე უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და "დ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, მტკიცებულებების არარსებობის გამო და სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ მიუსაჯა ორი წელი.
"სასამართლო პროცესზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია "ქეას" წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ რაიონის გამგებელი ყველანაირად ცდილობდა, ძირკვაძე ჩამოეშორებინა აღნიშნულ პროექტს, ხოლო სოფლის ხელმძღვანელობა მას ხელოვნურ პრობლემებსა და ბარიერებს უქმნიდა. დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრის გამო პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან ადამიანები, სასამართლო პოლიტიზებული და ხელისუფლების დაკვეთების უბადლო შემსრულებელია. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ხადარკოვსკის საქმეზე დაცინვა, უსამართლობა და ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევაა. სააკაშვილი სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებების შელახვასა და სამართლებრივი ნორმების დარღვევებზე აღშფოთებით საუბრობს, თავის ქვეყანაში კი, ძირკვაძის მსგავსად დევნის, სჯის და პირად პატიმრებად ხდის პოლიტიკურ ოპონენტებს. როდესაც აშშ გმობს უკანონობას ბიზნესმენ ხადარკოვსკის წინააღმდეგ, მერაბ ძირკვაძის საქმე არ არის იმავე მასშტაბის მატარებელი, თუმცა არ შეიძლება სამართალი შერჩევითი იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში. ...
ნინო ბურჯანაძის პარტია მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგაც აღიმაღლოს ხმა. დაიცვას ძირკვაძისა და ყველა უკანონო პატიმრის უფლებები.