უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც 8 მარტს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს შეხვდა, განაცხადა, რომ ტრამპს, სავარაუდოდ, აქვს „საკმაოდ დეტალური გეგმები“ უკრაინაში ომის დასასრულებლად და არ აპირებს თანხის გამოყოფას უკრაინისთვის რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.
ორბანის თქმით, ტრამპს აქვს „საკმაოდ დეტალური გეგმები“ როგორ დაასრულოს ომი და მისი გეგმები ემთხვევა უნგრეთის ინტერესებს.
„მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რაშიც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, უკრაინა-რუსეთის ომში არც ერთ გროშს არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინა ვერ იდგება ფეხზე, თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ, მაშინ ომი დასრულდება. და თუ ამერიკელები თანხას არ გასცემენ, მაშინ ევროპელები თავად ვერ დააფინანსებენ ამ ომს. და მაშინ ომი დასრულდება," - განაცხადა ორბანმა.
ორბანმა დასძინა, რომ საქმე იმაშია, რომ ამერიკას არ სურს ევროპის უსაფრთხოების დაფინანსება.
„თუ ევროპელებს ეშინიათ რუსების ან ზოგადად უნდათ, რომ ჰქონდეთ უსაფრთხოების მაღალი დონე, უნდა გადაიხადონ. ან ააშენონ საკუთარი არმია, საკუთარი აღჭურვილობა, ან თუ ამისთვის ამერიკელებს გამოიყენებენ, გადაუხადონ ამერიკელებს ფასი, უსაფრთხოების ფასი, ამიტომ ის {ტრამპი} პირდაპირ და გარკვევით საუბრობს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი "იყო პირველი პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში, რომელსაც ომი არ დაუწყია თავისი ვადის განმავლობაში".
„ამიტომაც ვიცით მის შესახებ, მისი პრეზიდენტობიდან ვიცით, რომ მშვიდობის ადამიანია. და ის არც მალავს თავის შეხედულებებს, მან ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის დამყარება რუსეთ-უკრაინის ომში. ჩვენ გვინდა ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა. ჩვენ გვინდა სწრაფად დასრულდეს ეს ომი, რომელიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მე ვერ ვხედავ სხვას, ვისაც ამის მეტი მონდომება და ძალა ექნება, ვიდრე დონალდ ტრამპს“, - განაცხადა ორბანმა.